აზიის განვითარების ბანკმა მუნიციპალური განვითარების ფონდთან მიმართებაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო
6 დეკემბერი 2023აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდს მიანიჭა უფლება ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტებისათვის ნებისმიერი სახის შესყიდვა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობისა და პროცედურების მიხედვით.
აღნიშნული უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ დავით ტაბიძეს პირადად გადასცა.
აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის დირექტორის, იუჯინ ჟუკოვის თქმით, ბანკის პარტნიორ ქვეყნებს შორის საქართველო არის პირველი ქვეყანა და მუნიციპალური განვითარების ფონდი - პირველი უწყება, რომელიც ისარგებლებს ბანკისგან მიღებული ამ განსაკუთრებული უფლებით.
„აღფრთოვანებული ვარ იმ შესანიშნავი შედეგით, რომელსაც მივაღწიეთ ჩვენს კოლეგებთან (მუნიციპალური განვითარების ფონდთან) ერთად, რომელიც, ასევე, არის ჩვენი ყველაზე მნიშნელოვანი პარტნიორი საქართველოში და კლიენტი 2008 წლიდან. ფონდი გახდა ამ უფლებით მოსარგებლე პირველი უწყება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. ჩვენ დავრწმუნდით, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის შიდა წესები და პროცედურები იმდენად ძლიერია, რომ მათ შეუძლიათ ბევრად უფრო ეფექტურად განახორციელონ შესყიდვები დამოუკიდებლად, შიდა პროცედურების მიხედვით. ვულოცავ მათ ამ წარმატებას,“- აღნიშნა იუჯინ ჟუკოვმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით, აზიის განვითარების ბანკის გადაწყვეტილება უპრეცედენტოა და წარმოადგენს სამინისტროსთან და ფონდთან მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგს.
„სერტიფიკატი, რომელიც გადმოგვეცა აღიარებს შესყიდვების ქართულ სისტემას და მუნიციპალური განვითარების ფონდს, როგორც პარტნიორს. მონიჭებული უფლებით ფონდს ექნება შესაძლებლობა აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებული პროექტებისთვის შესყიდვებისას გამოიყენოს სახელმწიფო შესყიდვის ეროვნული პროცედურები, რაც კიდევ უფრო დააჩქარებს პროექტების განვითარებას მთელი რიგი მიმართულებებით,“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მრავალწლიანი თანამშრომლობა აზიის განვითარების ბანკთან მოიცავს როგორც საგზაო, წყალმომარაგების, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებს. ბანკის მიერ გადაცემული უფლება ქმნის ინფრასტრუქტურული პროექტების უფრო დიდი მასშტაბითა და უფრო სწრაფად განხორციელების წინაპირობას.